- საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩეველთა ინფორმირების შემდეგ ეტაპზე გადადის და ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ახალ პროექტს იწყებს.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა, „ელექტრონული არჩევნების საყოველთაო დემონსტრირება“ მიმდინარე წლის 6 ივლისიდან განხორციელდება და მისი მიზანია საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და ხმის მიცემის პროცედურების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.
„ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით პროექტი როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ამომრჩევლები პირადად გაეცნობიან ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობას, უზრუნველყოფილი იქნება კენჭისყრის იმიტაცია, კერძოდ საარჩევნო მოხელეების მეთვალყურეობით, დაინტერესებული პირები თავად გაივლიან ხმის მიცემის პროცედურებს (საცდელი წრის გაფერადება, ბიულეტენზე წრის გაფერადება, ფარულობის უზრუნველყოფის მიზნით ჩარჩო-კონვერტში ბიულეტენის მოთავსება, ხმის მთვლელ აპარატში (ყუთში) ბიულეტენის მოთავსება), მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას როგორც უშუალოდ საარჩევნო აპარატების გამოყენების, ისე საქართველოში საპილოტე რეჟიმში ჩატარებული ელექტრონული არჩევნების შესახებ“, – განაცხადა იოსელიანმა.
მისივე თქმით, პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 მუნიციპალიტეტში, თბილისსა და რეგიონებში მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებში მდებარე წინასწარ განსაზღვრულ 89 ლოკაციაზე განხორციელდება.
„მონაწილეობის მსურველებმა, 2024 წლის 26 ივნისიდან ელექტრონული წესით უნდა გაიარონ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://calendly.com/d/ck3d-mpp-4v6 და აირჩიონ სასურველი თარიღი და დრო. დეტალური ინსტრუქცია განთავსებულია ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე და სოციალურ ქსელებში, კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით კონტაქტ – ჰაბის ნომერზე 2 51 00 51. შეხვედრები ჩატარდება 6 – 28 ივლისის პერიოდში, ყოველ შაბათ-კვირას 11 საათიდან 18:00 საათამდე.
საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ამომრჩევლებს მონაწილეობა მიიღონ საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირების პროცესში და გაეცნონ საარჩევნო ტექნოლოგიებს. აღსანიშნავია, რომ მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მათ შორის ვისაც უკვე არაერთხელ მიღებული აქვს მონაწილეობა ცესკოს სხვადასხვა საინფორმაციო ღონისძიებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში განხორციელებული საარჩევნო რეფორმის შედეგად პარლამენტის მორიგი და ყველა შემდგომი არჩევნები საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება და მოახლოებული არჩევნებისთვის ამომრჩეველთა თითქმის 90% საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. იცვლება ამომრჩევლის ვერიფიკაციის (რეგისტრაციის) და ხმის მიცემის პროცედურები. შესაბამისად, ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და განათლება საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.
ინფორმირების მასშტაბური კამპანია, რომელიც ასევე ეხმიანება საერთაშორისო სტანდარტებსაც და რეკომენდაციებს, საარჩევნო ადმინისტრაციამ საერთო არჩევნებამდე წლინახევრით ადრე დაიწყო. საარჩევნო ტექნოლოგიების დემონსტრაცია ეტაპობრივად იმართება ქვეყნის მასშტაბით ხალხმრავალ ადგილებში, საჯარო და კერძო სტრუქტურებში. აღსანიშნავია რომ ამ დროისათვის 3 000-ზე მეტი შეხვედრა ჩატარდა და ინფორმირებულია 400 000-მდე ამომრჩეველი.
საარჩევნო ადმინისტრაცია ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებულ აქტივობებს და პროექტებს არჩევნების დასრულებამდე კიდევ რამდენიმე ეტაპად რეგულარულად განახორციელებს“, -განაცხადა ნათია იოსელიანმა.