განმეორებითი ტექინსპექტირება პირველი თებერვლიდან ფასიანი ხდება

  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის პირველი თებერვლიდან, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ფარგლებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების განმეორებითი ტექნიკური ინსპექტირება ფასიანი ხდება.

„აღნიშნულის შედეგად, ხშირია პრაქტიკა, როდესაც პირველად ინსპექტირებაზე ხდება ტექნიკურად გაუმართავი ავტოსატრანსპორტო საშუალების წარდგენა, რაც ართულებს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესს, ზრდის შესაბამისი ცენტრების მხრიდან მომსახურებისთვის აუცილებელ რესურსს და, გარკვეულწილად, ხელს უშლის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის შესახებ სრული სურათის გამოვლენას.

აღსანიშნავია, რომ, საერთაშორისო პრაქტიკით, უმეტეს სახელმწიფოებში, სადაც მოქმედებს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება საქართველოს მსგავსი სისტემით, განმეორებითი ინსპექტირებისთვის დაწესებულია საფასური, რომელიც შეადგენს პირველადი ინსპექტირების საფასურის დაახლოებით 30 პროცენტს“, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

ავტოსატრანსპორტო საშუალების განმეორებით ტექნიკურ ინსპექტირებაზე „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პერიოდულობა და საფასურები“ (დამტკიცებული საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №37 დადგენილებით) შეტანილი ცვლილებით (საქართველოს მთავრობის 2022 წლის 9 დეკემბრის №562 დადგენილება) დგინდება საფასურები შემდეგი განაკვეთებით:

• მძიმეწონიანი სატვირთო და სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის (M2, M3, N2, N3 – კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისთვის) – 30 ლარი;

• მსუბუქი სამგზავრო (M1 კატეგორია) და სატვირთო (N1 კატეგორია) ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, და მისაბმელებისთვის (O3, O4) – 20 ლარი;

• ელექტრომობილებისთვის (M1 კატეგორია) – 15 ლარი”.

კომენტარის დატოვება