- მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს ორი ახალი საბავშვო ბაღი შეემატა. დიდი ჭყონის და ბანძის ადმინისტრაციულ ერთეულებში საბავშვო ბაღებმა პირველი აღსაზრდელები მიიღო.
ახალი საბავშვო ბაღები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, მერის მოადგილესთან გივი ელიავასთან, სკოლამდელი საგანმანათლებლო – სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის დირექტორთან ირმა გაბისონიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.
საბავშვო ბაღების მშენებლობა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში აშენდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა, თითოეული 100 აღსაზრდელზეა გათვლილი. შენობაში მოეწყო საბავშვო ჯგუფების ოთახები, საძინებლები, დარბაზი, სამზარეულო და სველი წერტილები, საბავშვო მოედნები, სადაც განთავსებულია ატრაქციონები. საბავშვო ბაღი ადაპტირებულია შშმ პირთათვის.
ახალ საბავშვო ბაღში, სააღმზრდელო ჯგუფები, საბავშვო გასახდელები და საძინებლები საჭირო ინვენტარით და ავეჯით, მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო – სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრმა აღჭურვა.
სტუმრებმა საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს, მათ მშობლებს და საბავშვო ბაღში დასაქმებულ პერსონალს ახალი ბაღის გახსნა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
ინფორმაციას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს