ინჩხურში იოანე მინჩხისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

  • მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ინჩხურში წმ. ამბროსი აღმსარებლის სახელობის საგანმანათლებლო ცენტრის დარბაზში იოანე მინჩხისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, იოანე მინჩხის მოღვაწეობაზე ისაუბრა პროფესორმა ლელა ხაჩიძემ, ასევე ღონისძიებაში მგალობელთა გუნდი და იოანე მინჩხის სახელობის ინჩხურის საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ინფორმაციისთვის: იოანე მინჩხი X საუკუნის პირველი ნახევრის საეკლესიო მოღვაწე, პოეტი და ჰიმნოგრაფია. მის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები ფაქტობრივად არ მოგვეპოვება. ერთადერთი ბიოგრაფიული ცნობის მიხედვით, რომელიც სინას მთის ერთ-ერთ ხელნაწერში იკითხება, იკვეთება, რომ იოანე აფხაზეთის მეფის, გიორგი II-ის (922-957 წწ.) თანამედროვე უნდა ყოფილიყო. ის თავის თავს მოიხსენიებს სხვადასხვა ზედწოდებით: მინჩხი, მინჩხისანი, მინჩხნი, მინჩხურნი. აღნიშნული ტერმინები მისი წარმოშობის ადგილზე მიგვითითებენ. მკვლევართა საერთო მოსაზრებით, ჰიმნოგრაფი დასავლეთ საქართველოდან, მარტვილის მონასტრის ახლო მდებარე სოფლიდან (ინჩხი ან ინჩხური) უნდა ყოფილიყო.

იოანე მინჩხის სახელი მეცნიერებისათვის ცნობილი გახდა ივანე ჯავახიშვილის მიერ, რომელმაც, ნიკო მარის ხელმძღვანელობით მოწყობილი ექსპედიციის ფარგლებში, 1902 წელს სინას მთაზე წმინდა ეკატერინეს მონასტერში მუშაობისას ქართულ ხელნაწერებში გამოავლინა მისი საგალობლები.

ღონისძიებას ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა, მერის მოადგილე გივი ელიავა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა დარჯანია, მერიის კულტურის სამსახურის უფროსი მურმან წოწორია, სასულიერო პირები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

კომენტარის დატოვება