გივი ელიავას სახელობის მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ძირითადად, დაცულია არქეოლოგიური მასალა, რომლის ქრონოლოგია მოიცავს ადრეული ქვისა და ბრინჯაოს ხანის პერიოდს (სამუშაო და საბრძოლო იარაღები, სარიტუალო ქვები, სხვადასხვა მასალისგან დამზადებული სამკაულები, ძვ. წ. VII-VI სს.-ის ბრინჯაოს ფიგურა ”მქადაგებელი”, ფიბულები სხვადასხვა გამოსახულებებით და სხვა).
მუზეუმის ფონდში დაცულია მდიდარი ნუმიზმატიკური მასალა: ძვ. წ IV-II სს-ის ოქროს მონეტები, კოლხური თეთრი, X-XVIII სს-ის ვერცხლის მონეტების კოლექცია, XVIII-XIX სს-ის ხელნაწერები და სიგელ-გუჯრები და სხვ. აგრეთვე: XIX-XX სს-ის გამოცემებით დაკომპლექტებული ბიბლიოთეკა (5000 ეგზემპლარი), თანამედროვე ქართველ მხატვართა ფერწერული ნამუშევრები: ლადო გუდიაშვილის ”სამაია”, ელენე ახვლედიანის ”ჩვენი სოფელი”, აგრეთვე მოსე თოიძის, რობერტ სტურუას, ს. მაისაშვილის, რ. ადამიას, ნამუშევრები, ირაკლი ოჩიაურის, ჯემალ ბჟალავას ქანდაკებები. მუზეუმს აქვს უნიკალური კოლხური ვაზის საკოლექციო ნაკვეთი და ეთნოგრაფიული კუთხე.