- საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ოპტიკური ქსელის მშენებლობის მიზნით, საპროექტო სამუშაოები დაიწყო აბაშა-სენაკის მიმართულებაზე, რომელიც მოიცავს: ხობის, აბაშის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და სენაკის იმ სოფლებს, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 200 და მეტია.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ მომართულებაზე საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს განახორციელებს მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურებით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ენ-სისტემი“.
მიმდინარე პროექტთან დაკავშირებით, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში, საინფორმაციო და სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც პროგრამის განმახორციელებელი კომპანია „ოუფენ ნეტის,“ ქსელის მშენებელი კომპანიის, ასევე მარტვილის, სენაკისა და ჩხოროწყუს მერები და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აბაშა-სენაკის მიმართულება მოიცავს – 48 დასახლებული პუნქტს, 240 კმ ოპტიკურ ინფრასტრუქტურას, რაც დამატებით 16,100 მოსახლისთვის შექმნის ხარისხიან ინტერნეტთან, ტელევიზიასთან და სხვა ციფრულ სერვისებთან წვდომის შესაძლებლობებს.
ინფორმაციას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.