მარტვილში საინფორმაციო კამპანია “არა ფემიციდს” გაიმართა

  • სენაკის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა, გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის “არა ფემიციდს“ ფარგლებში შეხვედრა გამართეს.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საინფორმაციო შეხვედრა მარტვილის მუნიციპალიტეტის გივი ელიავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში შედგა, რომელსაც ადგილობრივ მოსახლეობა, თვითმმართველობის და სხვადასხვა პროფესიული წრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გამართული შეხვედრის ფარგლებში პროკურორებმა ინფორმაცია მიაწოდეს ფემიციდის, ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების და არსებული გამოწვევების შესახებ, ასევე მოეწყო დოკუმენტური ფილმის ჩვენება ფემიციდის დანაშაულებებთან დაკავშირებით.

ისაუბრეს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების სამსახურის თაობაზე, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები მსგავსი კატეგორიის დანაშაულებში და მათი მოვალეობა სწორედ დაზარალებულთა და მსხვერპლთა მხარდაჭერა და გაძლიერებაა.

შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალთა გენდერული ნიშნით მკვლელობების გამომწვევ მიზეზებს, გენდერული სტერეოტიპების განხილვას, ასევე რა ბარიერებს აწყდებიან ქალები, როდესაც ისინი ძალადობის მსხვერპლები ხდებიან.

ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენციაა.

კომენტარის დატოვება