მარტვილში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 2 ფაქტი გამოვლინდა

  • სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ორი სამართალდარღვევა გამოვლენილია მარტვილის მუნიციპალიტეტში – სოფელ სალხინოში და სოფელ ლეხაინდრავოში.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სოფელ სალხინოში მოქალაქეს ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი საკარმიდამო ეზოში ჰქონდა დამონტაჟებული. ეზოში 69 ერთეული წიწვოვანი სახეობის მრგვალი ხე-ტყე (მორი) და 3,6 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) იყო განთავსებული.

უკანონო, ლენტური ტიპის სახერხი საამქრო მოქალაქეს საკარმიდამო ეზოში ჰქონდა მოწყობილი სოფელ ლეხაინდრავოშიც. ტერიტორიაზე ასევე გამოვლენილია 58 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი). მათგან, 43 ერთეული თხმელას (მურყანი) სახეობის მორი საკარმიდამო ეზოში, 15 ერთეული წიწვოვანი სახეობის დაუფირნიშებელი მორი კი, ეზოში გაჩერებული ავტომანქანის ძარაზე იყო განთავსებული.

ვინაიდან ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

კომენტარის დატოვება