- თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, თხილის კადასტრში ბაღების რეგისტრაციის პარალელურად, აგროქულების დარიცხვის პროცესი დაიწყო. მიმდინარე წლის 30 აპრილის ჩათვლით პერიოდში თხილის კადასტრში დარეგისტრირებულ ყველა ფერმერს შესაბამისი ქულები დაერიცხება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 2024 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 40,000 ჰექტარზე მეტი თხილის ბაღია რეგისტრირებული.
“მეთხილე ფერმერებმა თხილის კადასტრში რეგისტრაციისათვის სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურებს უნდა მიმართოთ. ბაღების რეგისტრაცია 2024 წლის 30 აპრილის ჩათვლით განხორციელდება. ქვეყნის მასშტაბით, სოფლის განვითარების სააგენტოს 9 რეგიონული სამსახური ფუნქციონირებს. სოფლებში თხილის კადასტრის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელების ფერმერებთან შეხვედრები უკვე ჩატარდა.
პროგრამაში ჩართულ პირებზე სუბსიდია გაიცემა ლიბერთი ბანკის აგრობარათზე შესაბამისი ქულების დარიცხვით. აგრობარათის გასააქტიურებლად ან ახალი ბარათის ასაღებად, ბანკში ვიზიტამდე, ბარათზე ქულების დარიცხვის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია ლიბერთი ბანკის ვებგვერდზე https://myliberty.ge/?id=agro
სპეციალიზებულ აგრომაღაზიებში დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადაა 2024 წლის 31 აგვისტო.
თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა ხორციელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.