მიხეილ ჩხენკელი მოსწავლეებს, მასწავლებლებს და მშობლებს ახალ სასწავლო წელს ულოცავს

  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და სრულიად სასკოლო საზოგადოებას 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს.

„დღეს, 15 სექტემბერს მთელი საქართველოს მასშტაბით სკოლებში საგანმანათლებლო პროცესი განახლდა. მინდა, მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და სრულიად სასკოლო საზოგადოებას მივულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება.

განსაკუთრებით ვულოცავ ცხოვრების ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადასვლას ჩვენს პატარებს – პირველკლასელებს. მათ დღეს პირველად შეაღეს საკლასო ოთახის კარი, სადაც თითოეულ მოსწავლეს უსაფრთხო, მეგობრული და ჯანსაღი საგანმანათლებლო გარემო დახვდათ.

მსურს, გულითადად მივულოცო ჩვენს ძვირფას მასწავლებლებს – მათ, ვინც თავისი პროფესიონალიზმითა და თავდაუზოგავი შრომით ერთგულად ემსახურება ჩვენი ქვეყნის მომავალზე ზრუნვას.

ჭეშმარიტად განათლებული თაობა საქართველოს წინსვლისა და განვითარების მყარი საფუძველია. მჯერა, ჩვენი ახალგაზრდები სკოლაში მიღებული ცოდნის რეალიზებითა და განსაკუთრებული შესაძლებლობებით კიდევ არაერთხელ ასახელებენ სამშობლოს და მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამენ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

კიდევ ერთხელ გილოცავთ, ყველას წარმატებულ, ნაყოფიერ და მშვიდობიან სასწავლო წელს გისურვებთ!“ – აღნიშნავს მინისტრი.

კომენტარის დატოვება