- მედეა ჩახავა, ცნობილი ქართველი მსახიობი, მარტვილელი იყო, ბაბუამისი მარტვილის ერთ-ერთი ეკლესიის მღვდელი. მსახიობი იხსენებს მის დამოკიდებულებას რელიგიასთან.
“სასწაულები ხშირად ხდება ჩემს ცხოვრებაში. საოცარი დამთხვევებია ხოლმე და მიმაჩნია, რომ ამაში უფალი მიწყობს ხელს. ვთქვათ, რაღაც დავკარგე, ათჯერ გავივლი იმ ადგილას, სადაც ნამდვილად არ იდო ის ნივთი, მაგრამ მეთერთმეტეჯერ იმ ცარიელ ადგილას ის ნივთი იქ მხვდება, თითქოს ვიღაცა მოვიდა და დადო. არადა, ზუსტად ვიცი, რომ ვნახე იმ ადგილას, ხელიც მედო, ცარიელი იყო და უცებ საიდან მოვიდა, ნამდვილად არ ვიცი. თუმცა მათ შორის იყო შემთხვევა, რომელიც ჩემს ცხოვრებაში არ დამავიწყდება და იგი ჩვენს უწმინდესთან არის დაკავშირებული. მქონდა ბედნიერება საღამო ხანს უწმინდესთან ყოფნისა. ორნი ვისხედით და ვსაუბრობდით. ძალიან შეწუხებული ვიყავი ჩემი ახლობლის შვილიშვილის მდგომარეობით. გაჩნდა ბავშვი და იმდენად უძლური და სუსტი დაიბადა, ვერც იტირა ბავშვმა და მდგომარეობა საშინლად გაურთულდა. დამბლა დაემართა, ცალი ფილტვი არ გაეხსნა. საავადმყოფოში არაფერი დააკლეს, მაგრამ შედეგი რომ არ იყო, გამოუცხადეს მშობლებს, წაიყვანეთ ბავშვი, ბარემ სახლში გარდაიცვალოსო. მშობლები თავზარდაცემულები იყვნენ, მთელი დღე იქ გავატარე, საღამოს კი უწმინდესთან წავედი. პატრიარქმა შემატყო, რა გჭირს, გუნებაზე ვერა ხარო. ვუთხარი, ასეთი ამბავია, გვითხრეს, ბავშვი წაიყვანეთ, სახლში გარდაიცვალოსო. ჩემი რძლის, ნანი ჩიქვინიძის დისშვილის პატარა იყო ასე მძიმედ. ბავშვი თანდათან უფრო მძიმდება და თუ შეიძლება, ასეთ ბავშვს პარაკლისი გადაუხადოთ-მეთქი. უწმინდესმა მაშინვე მითხრა, სასწრაფოდ, როგორც კი მიხვალ, უთხარი, თუ მოახერხებენ, ამაღამ თუ არა, ხვალ დილასვე მონათლონ ბავშვი, ისე პარაკლისი არ მიუვაო. მართლაც, იმ ღამესვე მონათლეს ბავშვი და მოხდა სასწაული. ის ბავშვი გადარჩა, ახლა არის ბუღასავით, ფიზიკურად უზარმაზარი ბავშვია, ისეთი ბიჭია, ავ თვალს არ ენახვება. აი, სასწაული, არ არის აქ უფალი?”