- მარტვილის მუნიციპალიტეტში, ქალაქ მარტვილის N 1 და დოშაყეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო პროცესი ახალგარემონტებულ სკოლებში განაახლეს.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სკოლების რეაბილიტაცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.
სკოლებს რეაბილიტაცია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩაუტარდა და სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის. პროექტის ფარგლებში მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები.
ძველ სკოლაში მოსწავლეებს რთულ პირობებში უწევდათ განათლების მიღება. დღეიდან ბავშვები სწავლას კეთილმოწყობილ გარემოში გააგრძელებენ.
აღსანიშნავია, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტში სალხინოს და ლედგებეს სკოლების რეაბილიტაცია დასრულებულია, სადაც სასწავლო პროცესი კეთილმოწყობილ გარემოში უკვე მიმდინარეობს. უახლოეს მომავალში ნაგვაზაოს და კიწიის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია დასრულდება.