- მარტვილის მუნიციპალიტეტის გივი ელიავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში წიგნების სერიის “ჩემი მეგრული ჯადოსნური ზღაპრების“ პრეზენტაცია გაიმართა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მსახიობმა ნიკოლოზ გაბელიამ და მარგო ლუჩკომ დამსწრეებისთვის წიგნიდან ამონარიდები წაიკითხეს, ასევე წიგნის კულტურულ მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
მუზეუმის ფოიეში გაიმართა წიგნებისა და პრომო ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
წიგნის პრეზენტაციის შემდეგ ანსამბლმა „იბერიამ“ კონცერტი გამართა. შესრულდა ხალხური სიმღერები.
პროექტი ეკუთვნის კომპანია „არიკი“-ს, რომლის მიზანია ბოლო საუკუნე-ნახევრის განმავლობაში ჩაწერილი და გამოცემული მეგრული ზღაპრებისა და ზეპირსიტყვიერების სხვა ნიმუშების მკითხველთათვის ვიზუალურად საინტერესო, შემეცნებითი და მხატვრული ფორმით მიწოდება, საზოგადოებაში მეგრული ზეპირსიტყვიერებისადმი და ქართული კულტურის სუბკულტურისადმი ინტერესის გაღვივება.