- „დაცული ტერიტორიების სააგენტოს“ თავმჯდომარის მოადგილის, თამარ ხახიშვილის ინფორმაციით, მარტვილის კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერზე მოეწყობა 3D განათების სისტემა, რის საშუალებითაც ვიზიტორებს მათი დათვალიერება საღამოს საათებშიც შეეძლებათ.
“წელს პირველად, იმისთვის, რომ საზოგადოებას საღამოს საათებშიც მივცეთ საშუალება, მარტვილის კანიონს ეწვიონ, მათ დახვდებათ 3D განათების სისტემა. ეს არის სრულიად ახალი პროდუქტი, რომელსაც ვიზიტორებს შევთავაზებთ. უკვე საღამოს საათებშიც შეეძლებათ ვიზიტორებს, რომ იხილონ, როგორც მარტვილის კანიონი, ასევე ოკაცეს ჩანჩქერი. ასევე, ბალდის კანიონზე წელს პირველად ვიწყებთ ეკოტურისტულ ბილიკების მშენებლობას და ვცდილობთ სხვადასხვა დაცულ ტერიტორიებზე დივერსიფიცირებული სერვისები შევთავაზოთ ჩვენს ვიზიტორებს“,-განაცხადა ხახიშვილმა.
თამარ ხახიშვილის განმარტებით, იგეგმება დაცული ტერიტორიების ქსელის გაფართოება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის და ტურისტების მოსაზიდად.