ვინ წერდა მარტვილის ოთხთავს

  • მარტვილის ოთხთავი, ანუ სახარება, როგორც წყაროები იუწყებიან,  XI საუკუნის ქართული ხელნაწერია. გადაწერილია მარტვილის მონასტერში 1050 წელს იოანე მესვეტისა და არსენ ეშისძის მიერ. დამკვეთია იოანე ფარჯანიანი.

ტექსტი შესრულებულია ყავისფერი მელნით, სათაურები და მნიშვნელოვანი ადგილები კი სინგურითაა გამოყოფილი. ხელნაწერი გაფორმებულია ორნამენტული საზედაო ასოებით, აგრეთვე წმინდა მათესა და წმინდა მარკოზ მახარებლის მინიატიურებით.

მახარებლები ფეხზე გდანან წიგნებით ხელში. აქ ქრისტესადმი მირთმევის თემაა გამოსახული, რასაც თავისი მოძრაობით, გვერდზე გადახრით გამოხატავენ.

მახარებელთა შესრულების მანერა მრავალშრიანია, კოლორიტულ გამას შეადგენს შინდისფერი, მწვანე და მოცრისფრო ლურჯი.

ნუსხურითგადაწერილ ტექსტში ხშირად გვხვდება ასო „დ“. მის არქიტექტონიკაში გამოყენებულია ლარნაკის, ხელის გამოსახულება. შესრულების მანერა გრაფიკულია. ხშირად გვხვდება მწვანე, ყვითელი, ყავისფერი შეფერილობა.

საწერ მასალად გამოყენებულია ეტრატი. მარტვილის ოთხთავი 186 ფურცლისგან შედგება; ფურცლის ზომებია 23X19 სანტიმეტრი. ხელნაწერი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში (ფონდი: S-391).

კომენტარის დატოვება