მოძრაობა “ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად” განცხადებას ავრცელებს

  • მოძრაობა „ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

“ბალდის მოსახლეობა მივიჩნევთ, რომ სოფლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილის 40 წლით, კერძო კომპანიისთვის მალულად გადაცემა, ჩვენი ღირსების შელახვა და უფლებების უხეში დარღვევაა, რასაც უკვე 6 თვეა მშვიდობიანი ფორმით ვაპროტესტებთ.

კარვის გაშლიდან 3 თვეზე მეტი გავიდა და ამ დროის განმავლობაში, ჩვენი ყოველდღიური მორიგეობისა და მონიტორინგის შედეგად, კომპანია “კანიონი 350”-ის მიერ მნიშვნელოვანი კანონდარღვევის არაერთი ფაქტი გამოვავლინეთ. საპასუხოდ, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან, პროტესტის მონაწილეების შევიწროება და დაშინება დაიწყო; კომპანიის წარმომადგენლებს მოძრაობის წევრების წინააღმდეგ, პოლიციაში არაერთი აბსურდული საჩივარი აქვთ შეტანილი; ჩვენი დისკრედიტაციისთვის, მედიაში და სოციალურ ქსელში აქტიურ საინფორმაციო კამპანიას აწარმოებენ და დეზინფორმაციას ავრცელებენ; ცდილობენ მორალური, ფსიქოლოგიური და ფიზიკური წნეხით გვაიძულონ შევწყვიტოთ წინააღმდეგობა.

ყოველივე ამის მიუხედავად, ადგილობრივი მოსახლეობა მშვიდობიან პროტესტს განვაგრძობთ და უკვე 3 თვეა, ჩვენი ძალისხმევით, კანიონის ჩაბეტონება და ბუნების ძეგლის განადგურება შეჩერებულია.

ჩვენი არაერთი მოწოდებისა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და დაცული ტერიტორიების სააგენტო ამ პროცესში სახალხო ინტერესის მხარეს დამდგარიყო, პირიქით, 15 იანვარს, ბალდის კანიონის საკითხის გარშემო სამინისტოში, საკონსულტაციო საბჭოს სხდომა ისე გაიმართა, რომ ჩვენ, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის წარმომადგენელი მხარე, ინფორმირებული და წარმოდგენილი არ ვიყავით.

მხოლოდ სატელევიზიო ეთერებიდან გავიგეთ, რომ სამინისტრო ბალდის კანიონის ბუნების ძეგლის ბიომრავალფეროვნებაზე ზეგავლენის შეფასების დოკუმენტის მომზადებას აპირებს, რომელმაც დაცულ ტერიტორიაზე მშენებლობის ზემოქმედება უნდა განსაზღვროს, მაშინ როცა სამშენებლო სამუშაობის დიდი ნაწილი უკვე განხორციელებულია და გაგრძელდებოდა კიდეც, რომ არა, მთელი სოფლის წინააღმდეგობა და უწყვეტი მორიგეობის კარვის გაშლა.

გარდა იმისა, რომ სხდომაზე არ მიგვიწვიეს, გადაწყვიტეს – კვლევები უკვე დაწყებულ პროექტს დააწიონ. ამით ცდილობენ მათი მთავარი კანონდარღვევა დაფარონ, რომლის მიხედვითაც, პროექტის დაგეგმვის ეტაპზე, კანონმდებლობით გათვალისწინებული ადგილობრივების ჩართულობა, ინფორმირება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვა არ იყო უზრუნველყოფილი და არც შესაბამისი კვლევები ჩატარებულა. შესაბამისად, იჯარის ხელშეკრულება ხალხისგან მალულად და უკანონოდ გაიცა.

ამ გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ უგულვებელყვეს მოსახლეობის სამართლიანი მოთხოვნა: გაუქმდეს არსებული ხელშეკრულება, სამშენებლო ნებართვა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიგეგმოს ყველა პროცედურა, კანონის სრული დაცვით.

აბსურდულია და ჩვენთვის მიუღებელია, სამინისტროს განცხადება, თითქოს კანიონში სამშენებლო სამუშაოები მათი გადაწყვეტილების საფუძველზე შეჩერდა. მშენებლობის შეწყვეტა, ხალხის 3 თვიანი უწყვეტი წინააღმდეგობისა და კარავში ღამეების თენების შედეგია!

ჩვენი პროტესტი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე უკანონო ხელშეკრულება არ გაუქმდება და ბალდის კანიონი ხალხს არ დაუბრუნდება.

ოდაბადე არ იყიდება!

მდინარე ეკუთვნის ხალხს!”-ნათქვამია განცხადებაში.